istoriuli soflebi  
  
 
 

eZani
ისტორიული სოფელი თრიალეთში, მდ. ქციის (ხრამის) მარჯვენა ნაპირზე; ამჟამად ქალაქ წალკის ნაწილი.

ეძანი და მისი შემოგარენი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ამაზე მიუთითებს მეზოლითი ხანის ეძანის ნამოსახლარი. სოფელი ეძანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1392 წლით დათარიღებულ მცხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. 1412–1443 წლების ერთი საბუთის მიხედვით ალექსანდრე მეფეს მაღალაძეებისათვის უბოძებია თრიალეთის ეძანის მოურავობა, ქადაგობა და სამცხეთოს გამოსაღების ერთი ნაწილი. 1581 წელს ეძანი ისევ მცხეთის სვეტიცხოვლისა იყო, მაღალაძე კი - მისი მოურავი. 1707 წელს ვახტანგ VI-მ ეძანი ნათლისმცემლის მონასტერს შესწირა. XVIII საუკუნის ბოლოს თრიალეთის მხარე მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა. XIX საუკუნის 30-იან წლებში აქ ოსმალეთიდან ლტოლვილი თურქულენოვანი ბერძნები დასახლდნენ და თრიალეთში თავიანთი ძველი სოფლების სახელწოდებები შემოიტანეს. ეძანს მაშინ ბარმაქსიზი დაერქვა, 1933 წელს კი მას თრიალეთის სხვა ისტორიული სოფლის სახელის მიხედვით უწოდეს წალკა.

ეძანში ორი ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ერთი, ღვთისმშობლის სახელობის, VI საუკუნისაა, ნაგებია სუფთად გათლილი, ქვის მსხვილი კვადრებით. აფსიდა ნახევარწრიულია. XIX საუკუნეში ბერძენ მოახალშენეებს ინტერიერი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. ამ დროს დაიკარგა ეკლესიის წარწერაც, რომელიც თავის დროზე უნახავს ბარონ ნიკოლაის. მორთულობა ძუნწია. დასავლეთ ფასადზე გაფორმებულია მხოლოდ შესასვლელი და მის ზემოთ გაჭრილი სარკმელი. შესასვლელის თავზე მოთავსებულია ტიმპანი (დღეს მისი ზედაპირი ჩამომტვრეულია, ხოლო შესასვლელი — ამოქოლილი), რომლის ქვედა ნაწილში მოთავსებულ რელიეფურ კომპოზიციაში გამოსახულია ღვთისმშობელი ჩვილით, მის ორივე მხარეს კი (სიმეტრიულად) - მფრინავი ანგელოზები (ღვთისმშობლის განდიდების სცენა).

ეძანის მეორე ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია თლილი ქვით. თარიღდება X საუკუნით. სახურავი და დასავლეთი კედელი ჩამონგრეულია. საკურთხეველში ორი მცირე ნიშია, აქვეა მოხატულობის კვალი. წარწერიანი ქვა, რომელიც აქ ადრე ყოფილა, ახლა აღარ ჩანს. ეკლესიის ირგვლივ მდებარე სასაფლაოზე საფლავის ქვათა შორის ცხენისა და ყოჩის ქანდაკებებია. როგორც ჩანს, ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებშიც მოქმედებდა.

ეძანთან, დღევანდელი წალკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ქციაზე გადებული ხიდის ჩრდილოეთ ბურჯში ჩაყოლებულია ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვები. შესაძლოა, ეს ქვები აქ გადმოტანილია ძველი წალკის ეკლესიიდან XIX საუკუნეში, ხიდის მშენებლობის დროს. ასომთავრულ წარწერაში იხსენიებიან მირიან თარხონის ძე (ეკლესიის მაშენებელი) და მეფე ბაგრატ IV: „სახელითა ღმრთისათა მე მირიან თარხონის ძემან აღვაშენე და ღირს ვიქმენ წმინდაჲ ესე ეკლესიაჲ, საყოფელი წმინდისა დემეტერე მოწამისაჲ, სალოცავად, აცოცხლენ ღმერთმან, საგარეოს (?) შინ[ა] ჟამთას ბაგრატ მეფეთა მეფე სევასტოსი ამინ.“ თავის დროზე ხიდის ერთ-ერთ ქვაზე ექვთიმე თაყაიშვილს ამოუკითხავს წარწერა, რომელშიც მოხსენიებული იყო „მამადმთავარი წურწყაბელი ერისთავი გრიგოლ“.

 


მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი